2006 წელს პირველი დონის თვითმართველობების გაუქმება გახდა საფუძველი სოფლისა და სოფლის მეურნეობის დაკნინების, რა დროსაც მოხდა ტრადიციული დარგების ჩამოშლა. ყოველი ახალი სამეურნეო წელი, წინა წელთან შედარებით მძიმე და გაუსაძლისი გახდა. მოუსავლიანობას, გაძვირებულ საწვავს, ძვირ, უხარისხო სათესლე მასალას, პესტიციდებს და სხვა პრეპარატებს, ბანკების მაღალპროცენტიან და მოკლევადიან კრედიტებს, ხელოვნურად და ბუნებრივად შექმნილ პრობლემებს, მძიმე მორალურ და მატერიალურ კრიზისს დაემატა მიწის გადასახადის უსაფუძვლო გაზრდა, რასაც მოჰყვა ქართული მიწების კატასტროფული სიჩქარით უცხოელებზე გაყიდვა. 2012 წლის დამთავრებამდე გაიყიდა: 11 500 ჰა-მდე კახეთში, 700 ჰა-მდე იმერეთში, 900 ჰა-მდე შიდა ქართლში, 16 000 ჰა-მდე სამეგრელო-ზემო სვანეთში (საიდანაც 12 000 ჰა ტყის მასივია) . ეს რეალური ინფორმაციის მხოლოდ მცირე ნაწილია.
ქვეყანაში შექმნილი მძიმე მდგომარეობის წინააღმდეგ ჩამოყალიბდა არაფორმალური საზოგადოებრივი გაერთიანება „გადავარჩინოთ მამული“, რომელმაც დაიწყო ბრძოლა ეროვნული სოფლის მეურნეობის გადარჩენისა და ქართული მიწის უცხოელებზე გაყიდვის წინააღმდეგ. 2012 წელს მოძრაობამ ახლად არჩეულ ხელისუფლებას წარუდგინა დარგში არსებული მდგომარეობის შესახებ ანალიზი და სოფლის და სოფლის მეურნეობის გადარჩენისთვის გადასაწყვეტი საკითხების ჩამონათვალი, სადაც პირველ ადგილზე მოხვდა სასოფლო-სამეურნეო მიწაზე ქონების (მიწის) შეუსაბამო და დისკრიმინაციული გადასახადი.
2012-2013 წლებში მოძრაობამ “გადავარჩინოთ მამული” არაერთი აქცია გამართა სახელმწიფო პროგრამით დაზარალებული ფერმერების დასაცავად და ამასთან დაკავშირებით მიმართა ქვეყანაში მოქმედ ყველა უფლებადამცველ ორგანიზაციას, მაგრამ, სამწუხაროდ ფერმერების უფლებების დაცვა არც ერთი მათგანის ინტერესის სფეროში არ მოექცა. ამიტომ არაფორმალური საზოგადოებრივი ორგანიზაციის “გადავარჩინოთ მამული” აქტივისტებმა 2013 წლის 18 სექტემბერს დააფუძნეს არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი „საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფკავშირი“, რომელიც საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო სამართლის ნორმების, კანონმდებლობის და წესდების შესაბამისად მოქმედებს საქართველოს მთელ ტერიტორიაზე და მის ფარგლებს გარეთ.