მთავარი → სიახლე, საზოგადოება29.06.2017
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირის წარმოამდგენლებმა ახალციხელ ფერმერებთან საინფორმაციო შეხვედრა გამართეს, სადაც სოფლის მეურნეობით დაინტერესებულ პირებს ფერმერების უფლებადამცველი ორგანიზაციის საქმიანობა გააცნეს.
საინფორმაციო შეხვედრა დღეს, 29 ივნისს ახალციხის თემის ადმინისტრაციულ შენობაში გაიმართა, რომელსაც ფერმერები, სოფლის მეურნეობის სამინისტროს სამცხე–ჯავახეთის რეგიონული სამმართველოსა და ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
„ფერმერებმა უნდა იცოდნენ რომ არსებობს პროფკავშირი, რომელიც მათ უფლებებს დაიცავს და მათი ინტერესების გამტარებელი იქნება“,–ამბობს საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა პროფესიული კავშირის პრეზიდენტი ირინე ფხოველიშვილი.
პროფკავშირის წევრების განმარტებით, აგრარულ კომიტეტში ისინი საკანონდებლო ინიციატივით შედიან, რათა მოხდეს მცირე, საშუალო და მსხვილი ფერმერების სტატუსის განსაზღვრა.
„კონცეფცია ეხება ფერმერის ფერმერული მეურნეობის და აგროინვესტორების სტატუსების განსაზღვრას. ჩვენ ვართ აგრარული ქვეყანა, თუმცა რეალურად არ ვიცით ვის შეიძლება ეწოდოს მცირე, საშუალო ან მსხვილი ფერმერი“,– განმარტავს ირინე ფხოველიშვილი.
მისივე თქმით, აუცილებელია, რომ ფერმერს სტატუსი ქონდეს:“ბევრი სახელმწიფო პროგრამა ხორციელდება, ხშირ შემთხვევაში სწორედ მცირე ფერმერია დაჩაგრულ სიტუაციაში. ჩვენ ვფიქრობთ რომ 5 ჰექტრამდე მიწის ნაკვეთის მქონე ფერმერს მცირე ფერმერს სტატუსი უნდა მიენიჭოს“.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირის წარმომადგენლების განმარტებით რეგიონებში საინფორმაციო ხასიათის შეხვედრები აუცილებელია:“ბევრმა ფერმერმა არ იცის, თუ როგორ უნდა შეავსოს ელექტრონული განცხადება და აქედან გამომდინარე, ისინი მონაწილეობას ვერ იღებენ სახელმწიფოს მიერ გამოცხადებულ პროგრამებში“.
მსგავსი შეხვედრა ფერმერებთან ხვალ, 30 ივნისს ახალქალაქელ ფერმერებთან იგეგმება.
საქართველოს ფერმერთა და სოფლის მეურნეობის მუშაკთა კავშირი ოთხი წელია არსებობს.